თეგი: ეკონომიკური ზრდა

დავითაშვილი: მთავრობის მოლოდინია, რომ ეკონომიკური ზრდა მინიმუმ 6% იქნება

ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა, რომ მთავრობა ეკონომიკის 6%-იან ზრდას ელოდება. მისი თქმით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, მთავრობა ეკონომიკური ზრდის პროგნოზის 3%-3.5%-მდე შემცირებას გეგმავდა, თუმცა ახლა ელის, რომ ქვეყანას იმაზე მეტი ეკონომიკური ზრდა ექნება, ვიდრე საფინანსო ინსტიტუტების მიერაა პროგნოზირებული. „ეკონომიკური ზრდის პროგნოზს გადავხედეთ და ვთვლიდით, რომ დაგეგმილი 6%-ის ნაცვლად, ეკონომიკური ზრდა შეიძლება ყოფილიყო 3%-3.5%. ამაში გვეთანხმებოდნენ საერთაშორისო პარტნიორები, თუმცა ეკონომიკური გუნდი და მთლიანად მთავრობა, მობილიზებული ვიყავით, რომ პოტენციური დანაკარგი რაღაცით დაგვეკომპენსირებინა. შესაბამისად, ვფიქრობ, მთავრობის მობილიზებული პოზიციიდან გამომდინარე, იმ დადებითი ტენდენციების შენარჩუნება შევძელით, რომელიც ეკონომიკაში წლის დასაწყისში შეინიშნებოდა. საბოლოოდ, ჩვენი მოლოდინია, რომ დაგეგმილი ეკონომიკური ზრდა მინიმუმ უნდა იყოს მიღწეული“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. რაც შეეხება ბიუჯეტის დეფიციტს, ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მთავრობა დეფიციტის შემცირებას განიხილავს. დავითაშვილის თქმით, წელს, სავარაუდოდ, ბიუჯეტის დეფიციტი დაგეგმილი 4.4%-დან 3.5%-მდე შემცირდება. უკრაინაში დაწყებული ომის ფონზე, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ეკონომიკური ზრდის 5%-იანი პროგნოზი შეამცირა . სებ-ში აცხადებენ, რომ ზრდის ტემპი 3%-4%-ის ფარგლებში იქნება. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, საქართველოს 2022 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3%-მდე შეამცირა. 3.5%-იან ზრდას პროგნოზირებს აზიის განვითარების ბანკი. მსოფლიო ბანკმა კი საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.5%-დან 2.5%-მდე შეამცირა.

ირაკლი ღარიბაშვილი: ასეთი ეკონომიკური ზრდა ძალიან ცოტა ქვეყანას მთელ მსოფლიოში

„ვაგრძელებთ ეკონომიკის განვითარებას, ქვეყანაში არის ძალიან პოზიტიური დინამიკა, ჩვენ გვაქვს უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა. ჩემი ევროპელი კოლეგები გაოცებულები ისმენდნენ ჩვენს, ჩემი და ლევან დავითაშვილის საუბრებს. ჩვენ როცა გვქონდა საუბარი, სულ ახლახანს ვიყავით ბრატისლავაში, ასეთი ეკონომიკური ზრდა ძალიან ცოტა ქვეყანას აქვს მთელ მსოფლიოში. პირველი კვარტალი ჩვენ დავხურეთ 14%-იანი ეკონომიკური ზრდით და ოთხ თვეში ჩვენ გამოგვივიდა 10.8 % ეკონომიკური ზრდა. რაც, რა თქმა უნდა, არის ძალიან სასიხარულო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, სრულად აღდგენილია ტურიზმი და იზრდება ექსპორტი, ბიზნესის ბრუნვა, ქვეყანა აგრძელებს ასოცირების შეთანხმების შესრულებას. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო მშვიდად უნდა დაელოდოს ევროკავშირის გადაწყვეტილებას, ვინაიდან როგორიც არ უნდა იყოს ის, იქნება სამართლიანი. „ასევე გეტყვით, გახსოვთ, შარშან აპრილში ჩვენ გვქონდა თითქმის 45%-ანი ეკონომიკური ზრდა, ჩვენ აპრილში არ ველოდით ეკონომიკის ზრდას, მაგრამ ამის მიუხედავად მაინც გვაქვს ჩვენ დადებითი დინამიკა, ზრდა გვაქვს აპრილშიც და ჯამში, 4 თვეში გამოგვივიდა 10.8 % ეკონომიკური ზრდა. გაზრდილია, სრულად აღდგენილია რომ იტყვიან, ფრენები, ტურიზმის აღდგენა მიმდინარეობს ძალიან სწრაფად. სავსეა ტურისტებით ჩვენი ქვეყანა, ქალაქები და ეს ჩვენ, რა თქმა უნდა, გვახარებს. ასევე, ექსპორტი იზრდება, ძალიან კარგი დინამიკაა; ბიზნესის ბრუნვაა გაზრდილი წინა წელთან შედარებით, ბიზნესსექტორის ზოგადად მთელი ბრუნვაა გაზრდილი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და შეადგინა 38.6 მლრდ ლარი. სამუშაო ადგილების რაოდენობაც გაზრდილია ბიზნესსექტორში, 8.2 % ეს არის დაახლოებით 50 000, ხოლო საშუალო ხელფასის მოცულობა დაახლოებით 15%-ით არის გაზრდილი. ასევე გეტყვით იმას, რომ ზოგადად სიღარიბე, სიღარიბის დონე ისტორიულ მინიმუმზეა შეიძლება ითქვას ჩამოსული, ამ წლებში - 17.5% შეადგინა, ასეთი შემცირება არ ყოფილა ბოლო წლების განმავლობაში. შედარებისთვის გეტყვით, რომ 2010 წელს თუ არ ვცდები 38% იყო სიღარიბის დონე, 2012 წელს კი, როდესაც ჩვენ მოვედით ხელსუფლებაში 34 %. რა თქმა უნდა, ეს ჩვენ არ გვაკმაყოფილებს, მეტი უნდა გავაკეთოთ, მეტი უნდა ვიმუშაოთ, მაგრამ ამას სჭირდება კიდევ ვიმეორებ - მშვიდობა, მეგობრებო, სტაბილურობის შენარჩუნება და განვითარება, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ახლა ყველა ერთად. ინფლაცია რა თქმა უნდა არის მთელ მსოფლიოში გამოწვევა, მაგალითად თურქეთში 73% იყო მაისში ინფლაცია. ევროპაში არის პიკზე, ისტორიული მაქსიმუმია ყველგან თითქმის, მათ შორის, გერმანიაში, საფრანგეთში, მოლდოვაში - 27% არის ჩვენს კოლეგა ქვეყანაში, ესტონეთში - 18%, რუსეთში - 17%, ბელარუსში -16%, მეზობელ ქვეყნებშიც არის ორნიშნა: აზერბაიჯანში -12.8% არის, სომხეთში - 9%-მდე. ასე რომ, ეს ყველაფერი არის ის რეალობა, რომელშიც ჩვენ ვართ. ჩვენ გვჭირდება, მშვიდად დაველოდოთ ევროკავშირის გადაწყვეტილებას, როგორიც იქნება, ჩვენ გვჯერა, რომ ეს იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება. ჩვენ ვაგრძელებთ ასოცირების შეთანხმების შესრულებას, ყველა იმ რეფორმას, რომელზეც ჩვენ ავიღეთ ვალდებულება. როგორც უკვე აღვნიშნე, ასოცირების დღის წესრიგშია ეს ყველაფერი შეტანილი და მინდა, ყველას ვუსურვო კიდევ და კიდევ გამარჯვება და წარმატება, ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს“, - განაცხადა პრემიერმა.

ლევან დავითაშვილი: ძლიერ ეკონომიკურ ზრდას 2022 წელსაც ვინარჩუნებთ

„საქართველო მყარად ინარჩუნებს ძლიერ ეკონომიკურ ზრდას 2022 წელსაც“ - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების შეფასებისას მედიასთან განაცხადა.  „მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ 26 პროცენტიანი ზრდა გვქონდა შარშან მაისის თვეში, შესაბამისად, არამხოლოდ 2021 წლის აპრილი, რომელიც 40 პროცენტზე მეტი ეკონომიკური ზრდით ხასიათდებოდა არამედ მაისის თვეც იყო განსაკუთრებით სწრაფად მზარდი. შესაბამისად, ამ პირობებში, ასეთი მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება  მეორე წლის განმავლობაში და მიმდინარე წლის შედეგები 5 თვის ფარგლებში, სადაც გვაქვს ორნიშნა, 11 პროცენტზე მეტი ზრდა, არის ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. მინისტრის შეფასებით, ეს მონაცემები არის დამაიმედებელი იმისთვის, რომ ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, წლის პერსპექტივაშიც,  მოგვიანებით გადაიხედოს. „ნახეთ, რომ ის პესიმისტური შეფასებები, რომლებიც ჰქონდა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს, შეცვლილილია - მსოფლიო ბანკმაც გაზარდა ჩვენი ეკონომიკური ზრდის პერსპექტივა და ვფიქრობთ, რომ ამ ტენდენციების გაანალიზების შემდეგ, რა თქმა უნდა, საერთაშორისო პარტნიორებიც დაგვეთანხმებიან, რომ საქართველო მყარად ინარჩუნებს ძლიერ ეკონომიკურ ზრდას 2022 წელსაც“ - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა. „საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, 2022 წლის მაისშიც გრძელდება ორნიშნა ეკონომიკური ზრდის დინამიკა, რაც განსაკუთრებით აღსანიშნავია იმ ფონზეც, რომ წინა წლის მაისში ეკონომიკური ზრდის მაღალი (25.8%-იანი) ზრდა დაფიქსირდა. ეკონომიკურმა ზრდამ 2022 წლის მაისში 11.6% შეადგინა, ხოლო იანვარი-მაისის საშუალო ზრდა 11.2%-ით განისაზღვრა. მაისში დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა წინა წლის შესაბამისი თვის მაჩვენებელთან შედარებით, 25.3%-ით გაიზარდა, ხოლო ახლად რეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა 6,930 ერთეულს გაუტოლდა, რაც 93.5 პროცენტით მეტია 2021 წლის მაისის თვის მონაცემზე. 2022 წლის მაისის ეკონომიკურ ზრდაში ყველაზე მაღალი წვლილი შეიტანა ტრანსპორტისა და დასაწყობების, ენერგეტიკის, მომსახურების და მრეწველობის სექტორებში ეკონომიკური აქტივობის ზრდამ. 2022 წლის მაისში მნიშვნელოვანი რეალური ზრდა დაფიქსირდა: ტრანსპორტის და დასაწყობების, ენერგეტიკის, განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების, დამამუშავებელი მრეწველობის, განათლების, ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქმიანობების, მშენებლობის, სამთომოპოვებითი მრეწველობის და ინფორმაციის და კომუნიკაციის საქმიანობების სექტორებში. 2022 წლის მაისში ეკონომიკური გაჯანსაღების მნიშვნელოვან ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენდა საქონლით საგარეო ვაჭრობის და ადგილობრივი ექსპორტის მიმართულებით დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები - 2022 წლის მაისში ექსპორტი გაიზარდა 54.3 პროცენტით და 524.6 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა, ხოლო ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რე-ექსპორტის გამოკლებით) 63.3 პროცენტით გაიზარდა და 391.9 მლნ. დოლარი შეადგინა. გაჯანსაღების ტენდენციები მნიშვნელოვნად გაძლიერდა ტურიზმის სექტორში, კერძოდ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების აღდგენის დონე მაისში (პანდემიამდე 2019 წლის მაისში დაფიქსირებული საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების) 96 პროცენტი იყო და 259 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2022 წლის მაისში ფულადი გზავნილების მოცულობა 169.4 პროცენტით გაიზარდა და 505.7 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ მთავრობის მიერ განხორციელებულ და მიმდინარე მხარდაჭერის ღონისძიებებს მცირე და საშუალო ბიზნესის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების, ინვესტიციების მოზიდვის, სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურის, ინდუსტრიული მიმართულებით მნიშვნელოვანი პოზიტიური გავლენა აქვს ეკონომიკური აქტივობის და სამუშაო ადგილების ზრდაზე. „საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, ეკონომიკურმა ზრდამ 2022 წლის მაისში 11.6% შეადგინა, ხოლო იანვარი-მაისის საშუალო ზრდა 11.2%-ით განისაზღვრა.

რის ხარჯზე იზრდება ეკონომიკა და რატომ ვერ გრძნობს მოსახლეობა ორნიშნა ეკონომიკური ზრდის დადებით გავლენას

საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2022 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 11.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2022 წლის პირველი ხუთი თვის საშუალო მაჩვენებელი 11.2 პროცენტით განისაზღვრა. 2022 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა შეინიშნებოდა თითქმის ყველა სექტორში. ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს შემდეგმა დარგებმა: ტრანსპორტი და დასაწყობება, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, სასტუმროები და რესტორნები, დამამუშავებელი მრეწველობა, მშენებლობა, სამთომოპოვებითი მრეწველობა. ირაკლი ღარიბაშვილი: გვაქვს ძალიან მაგარი ორნიშნა ეკონომიკური ზრდა - ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ევროპაში უპრეცედენტოა დავითაშვილი: მთავრობის მოლოდინია, რომ ეკონომიკური ზრდა მინიმუმ 6% იქნება საქართველოს მთავრობა კიდევ უფრო მეტ ეკონომიკურ აქტივობას პროგნოზირებს. შესაძლოა ,წლიურ ჭრილში, ეკონომიკის ზრდის პროგნოზს ეროვნულმა ბანკმა და უცხოურმა საფინანსო ინსტიტუტებმაც გადახედონ. უკრაინაში დაწყებული ომის ფონზე, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ეკონომიკური ზრდის 5%-იანი პროგნოზი შეამცირა . სებ-ში აცხადებენ, რომ ზრდის ტემპი 3%-4%-ის ფარგლებში იქნება. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, საქართველოს 2022 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3%-მდე შეამცირა. 3.5%-იან ზრდას პროგნოზირებს აზიის განვითარების ბანკი. მსოფლიო ბანკმა კი საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.5%-დან 2.5%-მდე შეამცირა. რის ხარჯზე იზრდება ეკონომიკა და რატომ ვერ გრძნობს მოსახლეობა ორნიშნა ეკონომიკური ზრდის პოზიტიურ გავლენას, ამ და სხვა საკითხებზე Europetime თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორს ვახტანგ ჭარაიას ესაუბრა. ET: საქსტატის წინასწარი მონაცემებით მაისში ეკონომიკური ზრდა 11,6% იყო. ეკონომიკის ზრდის ხუთი თვის საშუალო მაჩვენებელი 11,2%-ია, ინფლაცია წლიურ ჭრილში 12,8%, ლარი, აპრილის შემდეგ განუხრელად მყარდება. რა პროცესები მიმდინარეობს საქართველოს ეკონომიკაში? ეკონომიკური ზრდა გვაქვს მაღალი, მაგრამ ამასთან ერთად ინფლაციაც ძალიან მაღალია. რაც ფასების ზრდას იწვევს და მოსახლეობისთვის დამატებითი წნეხია. ჩვენს ეკონომიკაში ურთიერთგამომრიცხავი მოვლენები გვაქვს და საზოგადოებას ამ პროცესების აღქმა უჭირს. ET: რა იწვევს ამ ურთიერთგამომრიცხავ პროცესს? იზრდება ექსპორტი, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები იზრდება. მიუხედავად მაღალი ეკონომიკური ზრდისა და ინფლაციის პარალელურად, პრობლემა ისაა, რომ ჩვენი ეკონომიკა არაა დივერსიფიცირებული. საქართველოს ეკონომიკა რამდენიმე დარგზეა ჩამოკიდებული და ამ დარგების წარმატებაზეა აწყობილი. ამიტომ, მაღალი ეკონომიკური ზრდა, ჩვენს რეალობაში ძალიან ცოტა ადამიანისთვის ნიშნავს ქვეყანაში რეალურ პროგრესს. რაც ხელფასის ზრდასა და ბიზნესის წარმატებაში შეიძლება აისახოს. მოსახლეობის დიდ ნაწილი ეკონომიკური ზრდის დადებით შედეგებს ვერ გრძნობს, რადგან მაღალი ინფლაცია ფასებზე ახდენს გავლენას. გვაქვს ძალიან ბევრი სირთულე, რაც ჩვენს შიდა ეკონომიკას უკავშირდება. ET: რამ გამოიწვია რეგიონში არსებული სირთულეების ფონზე საქართველოში მაღალი ეკონომიკური ზრდა? ერთ-ერთი ვერსია, რომ ძალიან ბევრი მიგრანტი შემოვიდა ქვეყანაში. უკრაინიდან, ბელორუსიდან, რუსეთიდან. სტატისტიკა აჩვენებს, რომ კომპანიების რაოდენობაა გაზრდილი, ბიუჯეტის საგადასახადო საშემოსავლო ნაწილში მაჩვენებლები გაზრდილია. რა გავლენა აქვს ამ კომპონენტს ეკონომიკურ ზრდაზე? საქართველოს ეკონომიკის ზრდაში თავისი წილი აქვთ უკრაინელებს, რუსებს, ბელორუსებს, ისევე როგორც სხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ ადამიანებს. რა თქმა უნდა მათ გარკვეული ბიზნეს-ოპერაციები დაიწყეს საქართველოში. შესაბამისად დაიქირავეს როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი კადრები. იხდიან გადასახედებს ბიუჯეტში. ამან გარკვეული გავლენა მოახდინა უძრავი ქონებისა და გაქირავების ბაზარზე. გაიზარდა უძრავი ქონებისა და გაქირავების ფასები და რა თქმა უნდა, ეს ერთიანი ჯაჭვის ნაწილია. მაგრამ ჩვენ, რომ ავიღოთ, მხოლოდ ამ 100 ათასი ადამიანის ეფექტი, ამ ეკონომიკურ ზრდაში, ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ეს იყო დომინანტური. ვფიქრობ, 11,2%-იან ეკონომიკურ ზრდაში, მაისში ამ ადამიანების მონაწილეობა 1-2%-ია. ET: რა არის ეკონომიკურ ზრდაში ძირითადი დომინანტი და რატომ ვერ ვახერხებთ ეკონომიკის დივერსიფიკაციას? ვფიქრობ, ტურიზმია დომინანტი. 2021 წელთან შედარებით, ეს მაჩვენებელი რამდენჯერმეა გაზრდილი. არის ტურისტების დიდი ნაკადი რამდენიმე ქვეყნიდან. გაზრდილია უცხოური ინვესტიციები და აქ არავითარი როლი არ უთამაშია უკრაინას, რუსეთს და ბელორუსს. თუმცა გაზრდილია ფულადი გზავნილები რუსეთიდან და $300 მილიონს გადააჭარბა. ესეც თავის წილს თამაშობს ეკონომიკურ ზრდაში. ET: საქსტატის მონაცემებით, ბოლო ერთი წელის საქართველოდან ექსპორტის მაჩვენებელი იზრდება. თუმცა, ისევ ფეროშენადნობების, სპილენძისა და ოქროს ექსპორტის ხარჯზე. რატომ არ იცვლება საექსპორტო კალათა? ექსპორტი მნიშვნელოვნად იზრდება ბოლო ერთი წელია. მაგრამ აქ ნაკლებად ხდება საექსპორტო პროდუქციის დივერსიფიკაცია, უფრო მეტი გამოშვებისა და ექსპორტირების ხარჯზე. დინამიკა ძირითადად უკავშირდება წიაღისეულისა და ფერადი მეტალების ექსპორტს. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენი ეკონომიკა კარგად მუშაობს, არამედ ეს იმის დამსახურებაა, რომ მოთხოვნა უფრო მეტია იმ წიაღისეულზე, რომელსაც მოვიპოვებთ. ეს არის უფრო გარედან წამოსული მოთხოვნის დაკმაყოფილება და არა ჩვენი ეკონომიკის ხარისხობრივად გაუმჯობესების შედეგი. იმისთვის, რომ ვიყოთ უფრო კონკურენტუნარიანები, ჩვენ გვჭირდება, რომ ადგილობრივი წარმოება გავზარდოთ, რაც იმპორტზე დამოკიდებულებას შეამცირებს. მხოლოდ იმის ხარჯზე, რომ სპილენძი, ოქრო და მსგავსი მადანი გაგვაქვს, უფრო მეტი მოცულობით, აქედან მიღებული შემოსავლები საზოგადოების დიდ ნაწილზე არ აისახება. სარგებელს ქვეყანაში, მხოლოდ ბიზნესის მცირე ჯგუფი იღებს. ესაა ჩვენი პრობლემა. რადგან ეკონომიკა არაა დივერსიფიცირებული, ორნიშნა ზრდა დადებითად აისახება მხოლოდ მოსახლეობის მცირე ჯგუფზე. ამიტომ, მოსახლეობის კითხვები ადეკვატურია, რომ თუ გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რატომ არ აისახება ეს საზოგადოების კეთილდღეობაზე?

ეროვნულმა ბანკმა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეცვალა

ეროვნულმა ბანკმა 2022 წელს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეცვალა. ფინანსური ინსტიტუტი 9%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. ამ გადაწყვეტლების შესახებ სებ-ის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განმარტება გააკეთა.  „წინასწარი მონაცემებით, წლის პირველ ნახევარში ეკონომიკა 10.5%-ით გაიზარდა. ინფლაციურ რისკებს ასევე ის ფაქტიც აძლიერებს, რომ, ერთმანეთის მიმყოლი შოკების ფონზე, ინფლაცია მისი მიზნობრივი მაჩვენებლიდან ხანგრძლივად არის გადახრილი. მკაცრი მონეტარული პოლიტიკის მიუხედავად, საკრედიტო აქტივობა წლის განმავლობაში კვლავ მაღალია, რაც, ერთი მხრივ, სამომხმარებლო, ხოლო, მეორე მხრივ, უცხოური ვალუტით დაკრედიტების ჭარბი ზრდის შედეგია. შესაბამისად, სამომხმარებლო დაკრედიტების შესანელებლად, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის პარალელურად,  მიზანშეწონილად მიიჩნევს დამატებითი მაკროპრუდენციული ინსტრუმენტების გამოყენებას. ამასთან, მოსალოდნელია, რომ აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემისა და ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ საპროცენტო განაკვეთების განხორციელებულ და დაანონსებულ ზრდას საქართველოში უცხოური ვალუტით დაკრედიტებაზე მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების მსგავსი ეფექტი ექნება. მოვლენების ამგვარი განვითარების შემთხვევაში, ეროვნული ბანკი 2022 წლის ეკონომიკურ ზრდას 9 პროცენტზე პროგნოზირებს“,- აღნიშნა გვენეტაძემ. შეგახსენებთ, ეროვნული ბანკი 2022 წელს 5%-იან ზრდას პროგნოზირებდა, თუმცა უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის ფონზე, პროგნოზი 4.5%-მდე შეამცირა.  

ირაკლი ღარიბაშვილი: ბოლო 7 თვის განმავლობაში, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა 10.3% შეადგინა, რაც მსოფლიოში უპრეცედენტოდ მაღალი ეკონომიკური ზრდაა

"ოფიციალურად წინა კვირას გამოქვეყნდა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, რომელმაც 10.3% შეადგინა ბოლო 7 თვის განმავლობაში. ეს არის მართლაც უპრეცედენტოდ მაღალი ეკონომიკურ ზრდაა მთელს მსოფლიოში", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. "მოგეხსენებათ, რომ ძალიან დიდი გამოწვევებია უკრაინის ფონზე ევროპაში, ეს პრობლემები გადაცემულია მთელს მსოფლიოზეც და ამ ფონზე ჩვენი ქვეყანა ახერხებს ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მიღწევას, რაც ძალიან მისასალმებელია. ექსპორტი გაზრდილია 40%-ით, ფულადი გზავნილები, 46.8%-ით გაზრდილი და 300 მილიონ დოლარს გადააჭარბა. ბიზნეს სექტორში ბრუნვა გაიზარდა მნიშვნელოვნად, დასაქმებული ადამიანების რაოდენობა არის გაზრდილი როგორც პირველ კვარტალში, ასევე მეორეში. ბიზნეს სექტორის ბრუნვა არის გაზრდილი 25%-ით იანვარ-ივნისში, რაც ძალიან მისასალმებელი მონაცემებია“, - აცხადებს პრემიერი.  

საქსტატმა გამოაქვეყნა, რომ 2022 წლის მეორე კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.1 პროცენტით (213,3 ლარით) გაიზარდა და 1 541.3 ლარი შეადგინა. მანამდე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყანაში უპრეცედენტოდ მაღალი ეკონომიკური ზრდაა და ეს მაჩვენებელი ბოლო 7 თვის განმავლობაში 10,3 % გაუტოლდა.  საქსტატისა და პრემიერ-მინისტრის პოზიტიური მონაცემების ფონზე, ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) გამოაქვეყნა კვლევა, რომლის თანახმადაც სამუშაო ადგილები, ფასების ზრდა და სიღარიბე საქართველოს მოსახლეობისთვის კვლავ მწვავე საკითხებია. გამოკითხულთა 36% აცხადებს, რომ მათთვის სამუშაო ადგილები ყველაზე მწვავე საკითხია. 36% პრობლემად ფასების ზრდას, 32% სიღარიბეს, ხოლო 18% პენსიებს ასახელებს. რატომ ვერ გრძნობს საქართველოს მოსახლეობა ეკონომიკურ კეთილდღეობას საშუალო ხელფასისა და მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ფონზე? Europetim-თან ასოცირებული პროფესორი, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი ეკონომისტი გიორგი პაპავა ამბობს, რომ საქსტატის მიერ საშუალო ხელფასის ზრდის შესახებ გამოქვეყნებული მონაცემით, საქართველოში მოსახლეობის კეთილდღეობის კუთხით შექმნილ ვითარებას ვერ შევაფასებთ. „ეს არ ზომავს ქვეყანაში მოსახლეობის კეთილდღეობის დონეს. ამ მონაცემით, დასაქმებული ადამიანების კეთილდღეობის საშუალო დონეს შევაფასებთ. თუ ქვეყანაში დასაქმების დონე იქნება დაბალი, ბუნებრივია დავაკვირდებით იმას, თუ როგორ იცვლება მილიონიდან 900 ათასამდე დასაქმებულის ხელფასი. ის რომ საშუალო ხელფასი იზრდება, ეს არ ნიშნავს, რომ სახელფასო სარგო ყველა დასაქმებულს გაეზარდა. ანუ შესაძლოა, ვიღაცას ხელფასი გაეზარდა, ვიღაცას იგივე დარჩა ან შეუმცირდა“, -ამბობს პაპავა. ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი ეკონომისტი ამბობს, რომ ქვეყანაში კეთილდღეობის შესაფასებლად მნიშვნელოვანი მონაცემია აბსოლუტური სიღარიბე, დასაქმებულთა რაოდენობა და უმუშევრობის დონე. როგორ იცველებოდა უმუშევრობის დონე და აბსოლუტური სიღარიბე  2012-2021 წლები (საქსტატი)  უმუშევრობის დონე: 2012 წელი - 26,7%; 2013 წელი - 26,4%; 2014 წელი - 23%; 2015 წელი - 21,9%; 2016 წელი - 21,7%; 2017 წელი - 21,6%; 2018 წელი - 19,2%; 2019 წელი - 17,6%; 2020 წელი - 18,5%; 2021 წელი - 20,6%.  აბსოლუტური სიღარიბე: 2012 წელი - 30%; 2013 წელი - 26,2%; 2014 წელი - 23,5%; 2015 წელი - 21,6%; 2016 წელი - 22.0%; 2017 წელი - 21,9%; 2018 წელი - 20.1%; 2019 წელი - 19,5%; 2020 წელი -21,3%; 2021 წელი - 17,5%.  „საშუალო ხელფასის მოსახლეობის კეთილდღეობაზე განზოგადება რომ შევძლოთ რამდენიმე  საკთხი უნდა გადაიჭრას“, - ამბობს პაპავა. პირველი: სწრაფი ტემპით უნდა იზრდებოდეს  დასაქმება, მეორე - ამ საკითხთან თანდართული უნდა იყოს სტაბილური ეკონომიური ზრდა. არ უნდა იყოს ამოვარდნა, როგორც ჩვენს შემთხვევაში ხდება. 2020 წელს ეკონომიკური ვარდნა იყო მაღალი, 2021 წელს კი ზრდის მაჩვენებელი. გარკვეულწილად დავაკომპენსირეთ, მაგრამ მაინც არ გვაქვს იმის თქმის შესაძლებლობა, რომ  უკეთესი ეკონომიკური კეთილდღეობა გვაქვს. ეკონომისტის პროგნოზით, თუ ორნიშნასთან მიახლოებული ეკონომიკური ზრდა გვექნება 7-10 წლის განმავლობაში, ამის შემდეგ უკვე რთული იქნება იპოვო ადამიანების ის ჯგუფი, რომელსაც ეს ზრდა არ შეეხო. პაპავას თქმით, ქვეყანაში დღეს კეთილდღეობის დონეს მხოლოდ ადამიანების გარკვეული ჯგუფები აღწევენ.  „როცა ვლაპარაკობთ ეკონომიკის ზრდის მოკლევადიან ეფექტზე, როცა ქვეყანაში ინფლაციური ნაკადებია, უძრავი ქონება გაძვირდა, ამ დროს ადამიანების კონკრეტული ჯგუფები აღწევენ კეთილდღეობას. ისინი ან უძრავ ქონებას ფლობენ, ან ტურიზმის სექტორში არიან დასაქმებულნი და იმ მომენტში იღებენ სარგებელს, რადგან ეკონომიკური ზრდა ერთჯერადი ფაქტორებითაა გამოწვეული. კეთილდღეობის განცდა იმიტომ არ გვაქვს, რომ ეკონომიკური ზრდა მაღალია, მაგრამ მოკლევადიანია, რომელიც ყველა ჯგუფსა და სექტორზე არაა განზოგადებული. შესაბამისად არიან ადამიანები, რომლებიც რეგიონში ცხოვრობენ და არც ტურისტი უნახავთ, რომელმაც ბევრი ფული დახარჯა ან დამოკიდებული არიან სახელმწიფო შემწეობაზე, რომელიც ვერ გაიზრდებოდა იმ დონეზე, გაუჩინოს განცდა, რომ მაღალი სასურსათო ინფლაციის პირობებში მისი კეთილდღეობა გაიზარდა“- ამბობს პაპავა.  კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს ეკონომიკური კეთილდღეობის განცდაზე, პაპავას შეფასებით არის ინფლაცია. რადგან მზარდი ინფლაციის დროს, დასაქმებულების ხელფასზე, სასურსათო კალათის გაძვირება დამატებითი წნეხია. შეგახსენებთ, საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის აგვისტოში, წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 10.9% შეადგინა. უკვე ერთ წელზე მეტია საქართველოში ორნიშნა ინფლაციაა, რომელიც ეროვნული ბანკის მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელზე 3-ჯერ მეტია. ეროვნული ბანკის პროგნოზით, წელს საქართველოში ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღალი იქნება და 9.5%-ს გაუტოლდება. სებ-ში აცხადებენ, რომ სანამ ინფლაციურ მოლოდინებზე ზრდის რისკები არ შერბილდება, მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებული დარჩება. ამ დროისთვის, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 11%-ია.  

ლევან დავითაშვილი: 2022 წელს საქართველოს ექნება იმაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა, ვიდრე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები პროგნოზირებდნენ

2022 წელს საქართველოს ექნება იმაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა, ვიდრე ამას კრიზისის დასაწყისში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები პროგნოზირებდნენ, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში მიმდინარე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „პანდემიის პარალელურად რუსეთ-უკრაინის ომმა და დაძაბულმა გეოპოლიტიკურმა მდგომარეობამ რეგიონში, პოსტპანდემიური აღდგენის პროცესში მყოფი ჩვენი ეკონომიკა ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა, რამაც, ბუნებრივია, მნიშვნელოვნად შეცვალა ეკონომიკურ პოლიტიკის ორიენტირი, რათა არსებული გამოწვევების კვალდაკვალ მოგვეხდინა ადეკვატური რეაგირება და მომხდარიყო ახალი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება. აღსანიშნავია, რომ საქართველომ, გამოწვევების მიუხედავად, შეძლო როგორც ეკონომიკური მდგრადობის შენარჩუნება, ისე ორნიშნა ეკონომიკური ზრდის ტენდენციის გაგრძელება“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.  

ირაკლი ღარიბაშვილი: წლევანდელ წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით დავასრულებთ

იმედი გვაქვს, რომ წლევანდელ წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით დავასრულებთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. სწორედ ამან მოგვცა მომავალი წლის ბიუჯეტის გაზრდის შესაძლებლობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ინვესტორთა საბჭოს სხდომაზე განაცხადა. "ქვეყანას ასევე ჰქონდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა და 2022 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2-ჯერ და უფრო მეტად გაიზარდა წინა წლის მაჩვენებლებთან შედარებით და შეადგინა 922 მილიონი დოლარი", - განაცხადა ღარიბაშვილმა. თავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საბჭოს ხდომაზე განსახილველი საკითხების გარდა, დღევანდელ სხდომაზე, პრემიერმა საბჭოს წევრებს მიაწოდა ინფორმაცია ქვეყანაში არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარების შესახებ. ასევე პრემიერ-მინისტრმა საბჭოს წევრებს წარუდგინა მთავრობის ხედვა მომავალ წელს დაგეგმილ ახალ პროექტებზე, ინიციატივებსა და პრიორიტეტებზე.  

ევროპის ქვეყნებს რომ მიუახლოვდეს, ორნიშნა ეკონომიკური ზრდის შემთხვევაშიც კი, საქართველოს, დაახლოებით 15-20 წელი დასჭირდება - ეკონომისტი

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) შეფასებით, 2022 წელს საქართველოში 8.98%-იანი ეკონომიკური ზრდაა მოსალოდნელი. უფრო მაღალ ეკონომიკურ ზრდას IMF -ი 2022 წელს კიდევ 9 ქვეყანაში პროგნოზირებს. IMF-ის პროგნოზით, 2022 წელს ყველაზე მეტად გაიანას ეკონომიკა  (57.8%) გაიზრდება. მეორეა ფიჯი - 12.5%, მესამე - სეიშელი - 10.9% %; შემდეგ -  ბარბადოსი - 10.5%; სენტ-კიტსი და ნევისი - 9.8% ; ერაყი - 9.3%; სენტ-ლუსია - 9.1% ; ირლანდია - 9.0%; საქართველო - 8.98% ; მალდივები - 8.7%. IMF-ის მიმოხილვის თანახმად, საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან 2022 წელს ყველაზე მეტად სომხეთის ეკონომიკა (7%) გაიზრდება. ამ მაჩვენებლით, სომხეთი მსოფლიოში მე-19 ადგილზეა. მიმდინარე წელს აზერბაიჯანის ეკონომიკა – 3.7%-ით, თურქეთის ეკონომიკა კი 5%-ით გაიზრდება. რას ეფუძნება საქართველოსთან მიმართებით საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზი და რა ფაქტორების გავლენით იზრდება ქვეყნის ეკონომიკა, ამ და სხვა საკითხებზე Europetime  - ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის პრეზიდენტს რამაზ გერლიანს ესაუბრა. ET: რას ეფუძნება საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზი, საქართველოს ეკონომიკურ ზრდასთან მიმართებით, როცა წლის დასაწყისში მთავრობა და ეროვნული ბანკი, უფრო დაბალ ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებდა? ესაა ის რეალური ციფრი, რისი პროგნოზის საშუალებაც აქვს სავალუტო ფონდს. ეკონომიკური ზრდა პოზიტიურია, მაგრამ საქართველოს შემთხვევაში არაა საკმარისი იმისთვის, ქვეყანაში მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა მაღალ ეკონომიკურ ნიშნულზე გვქონდეს. რეალურად თუ დავაკვირდებით 90-იანი წლების შემდეგ, საქართველოს ეკონომიკის ისტორიას, ჩვენი ეკონომიკის მოცულობა 2016-17 წლებში გაუტოლდა საქართველოს 90-იანი წლებში არსებულ ეკონომიკის დონეს, რადგან ქვეყნის ეკონომიკა, საკმაოდ დაბალი ტემპით იზრდებოდა. დაახლოებით 30 წლის შემდეგ, იმ ადგილზე ვართ, სადაც 30 წლის წინ ვიყავით. ამიტომ, ჩვენისთანა ქვეყნისთვის ეს პროცენტული მაჩვენებელი გასაკვირი არ უნდა იყოს. მაღალი ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება, მაგრამ აქვეა პესიმისტური სცენარიც, რომ შესაძლოა, ეკონომიკა 5%-ის ფარგლებში გაიზარდოს და ძალიან დაბალი ალბათობაა იმისა, რომ 2023 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა ორნიშნა იყოს. ET: ევროპის ეკონომიკა რეცესიაშია, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით საქართველო ლიდერია. ამ შემთხვევაში რატომ არის თქვენი შეფასება პესიმისტური? თუ საქართველოში ეკონომიკური ზრდა ორნიშნა არ არის, ეს ჩვენთვის, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის კუთხით, მაინც ძალიან დაბალი მაჩვენებელია. თუ ამ ეკონომიკური ზრდის პირობებში სიღარიბის მაჩვენებლებს გადავხედავთ, მოსახლეობის შემოსავლების გაზრდას, ეკონომიკური ზრდა ვერ გამოიწვევს, რადგან ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელი მაღალია. ცნობილია, რომ  წლის ბოლომდე და 2023 წლის პირველ ნახევარში  ორნიშნა ინფლაცია გვექნება. რაც იმას ნიშნავს, რომ ის ეკონომიკური ეფექტი, რაც ქვეყნის  ეკონომიკის ზრდის შემთხვევაში უნდა გამოიკვეთოს ინფლაცია „მიითვისებს“ და მოქალაქეებისთვის ხელშესახები ვერ გახდება. ET: საქართველოს ეკონომიკური ზრდის შეფასებისას რა კომპონენტებზე კეთდება აქცენტი?  როცა ჩვენ ეკონომიკურ ზრდას ვითვლით, აქ რამდენიმე კომპონენტი იკვეთება: ესაა შინა მეურნეობების ხარჯები, ერთ-ერთი კომპონენტია სახელმწიფო შესყიდვები და ასევე მნიშვნელოვანია რამდენია წმინდა ექსპორტი. ვინაიდან ჩვენთან მყარდება ლარი და უფასურდება დოლარი, ეს დადებითად წაადგება ეკონომიკური ზრდის ციფრობრივ მაჩვენებელს. რაც შეეხება სახელმწიფო შესყიდვებს, ეს ნაწილი პრობლემატურია, რადგან მხოლოდ რამდენიმე კომპანია იღებს აქედან ბენეფიტებს. ამ კომპანიებში დასაქმებული ქვეკონტრაქტორები პრაქტიკულად, მოგება-ზარალის ზღვარზე გადიან. შესაბამისად, ამ მოქალაქეებსა და სუბიექტებზე ეკონომიკური ზრდა ვერ აისახება, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს მიერ გახარჯულ ფინანსებს, ჩვენ ეკონომიურ ზრდად აღვიქვამთ. თუნდაც ის, რომ ბიუჯეტი წლიდან-წლამდე იზრდება ნომინალში, ესეც ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელში მონაწილეობს. არის კიდევ მრავალი ფაქტორი, რომელიც ინკლუზიურსა და ხელშესახებს ვერ ხდის ეკონომიკურ ზრდას. ინკლუზიურობის პრობლემა საქართველოში ეკონომიკურ ზრდას ყოველთვის ჰქონდა და განსაკუთრებით ბოლო წლებში ეს პრობლემა დღის წესრიგში ისევ აქტუალურია. კერძოდ, მოქალაქეებზე ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი თანაბრად ვერ აისახება. ET: თქვენი შეფასებით, აღმავალი ეკონომიკური ტრენდის შემთხვევაში, როდის გახდება შესაძლებელი, რომ საქართველო ეკონომიკური კეთილდღეობის კუთხით, ევროპის ქვეყნებს მიუახლოვდეს? საქართველო ეკონომიკური ზრდის კუთხით არის მსოფლიო ქვეყნების ათეულში, მაგრამ ჩვენი ეკონომიკის 8,98% -იანი ზრდა არ ნიშნავს იმას, რომ ეს მეტია გერმანიის ან ევროპის რომელიმე ქვეყნის ეკონომიკის 1,5%-იან ზრდაზე. ჩვენ ვიმყოფებით ექსტენსიური და არა ინტენსიური ეკონომიკური ზრდის ფაზაში. ინტენსიური ზრდა ნიშნავს, როცა ტექნოლოგიები პიკურადაა განვითარებულია და ყველა ფაქტორი გამოყენებულია და ეკონომიკური ზრდა მაინც ძველ ნიშნულზე ფიქსირდება. ჩვენ ექსტენსიური ფაქტორებიც კი არ გამოგვიყენებია. პირობითად მიწაც კი არ არის ათვისებული. ამ ფონზე, ნებისმიერი პატარა მოქმედებაც კი ეკონომიკური ზრდის დიდ პროცენტულ მაჩვენებელს გვაძლევს. სწორედ ესაა პრობლემა, რომ 8,98%-იანი ზრდა ეფექტს ვერ გვაძლევს, ვინაიდან, ჩვენი ეკონომიკა ექსტენსიური ზრდის ფაზაშია. ეკონომიკური ზრდის ეს მაჩვენებელი საქართველოს შემთხვევაში დაბალია. ეკონომიკური ზრდა რომ ყოფილიყო 3% და ვყოფილიყავით ინტენსიური ზრდის ფაზაში ეს ზრდა, მაღალ მაჩვენებლად შეფასდებოდა. ყველაფერი ფარდობითია და შესადარი, როცა ეკონომიკაზე ვსაუბრობთ. თუნდაც, ეკონომიკური ზრდის ორნიშნა ტრენდით რომ ვიაროთ, დაახლოებით 15-20 წელი გვჭირდება, რომ ევროპის ქვეყნებს მიუახლოვდეთ.   

2022 წელს საქართველოში, 10%-იან ეკონომიკურ ზრდაა მოსალოდნელი - გვენეტაძე

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის თქმით, 2022 წელს საქართველოში 10%-იან ეკონომიკურ ზრდაა მოსალოდნელი. ამის შესახებ გვენეტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2022 წელს 10 პროცენტამდე გაიზარდა და, საშუალო წლიური ეკონომიკური აქტივობის დონე, სავარაუდოდ, მის პოტენციურ დონეს აღემატება. შედეგად, მოთხოვნიდან მომავალი ინფლაციური რისკები გამწვავდა, მიუხედავად იმისა, რომ ამას საგარეო შემოდინებების შედეგად გამყარებული ლარის გაცვლითი კურსი ნაწილობრივ აბალანსებს“, - განაცხადა გვენეტაძემ. ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის საბაზო პროგნოზით 2022 წელს მოსალოდნელია 8.5%-იანი ეკონომიკური ზრდა.  

ირაკლი ღარიბაშვილი: ქვეყანაში მაღალ ეკონომიკურ ზრდას ვინარჩუნებთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე, ქვეყანაში ეკონომიკური პარამეტრები შეაფასა და განაცხადა, რომ მთავრობა, მიმდინარე გეოპოლიტიკური გამოწვევების, დაძაბულობის ფონზე, ქვეყანაში მაღალ ეკონომიკურ ზრდას ვინარჩუნებთ „9 თვის განმავლობაში, საქართველოში 10,2%-იანი ეკონომიკური ზრდაა, რაც უპრეცედენტოა. ექსპორტი გაზრდილია 40%-ით და 9 თვეში, ზრდამ 37,4% შეადგინა. ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა 4 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა მისივე თქმით, სწრაფი ტემპით მიმდინარეობს ტურიზმის სექტორის აღდგენაც.